ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თაბაგარი ღირსების მარშზე: რას და როგორ გავაკეთებთ, ეს ჩვენი საქმეა

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერ ხედავს კონტექსტს თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს ღირსების მარში.

ამასთან, თაბაგარი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოს ძალადობრივ ჯგუფებს.

“’ჩვენ ვსარგებლობთ, კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, ვერ ვხედავთ კონტექსტს თუ რატომ უნდა ვთქვათ უარი ღონისძიების ჩატარებაზე. არ ვიზიარებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რას და როგორ გავაკეთებთ ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენ ველოდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. რაც შეეხება ძალადობრივ ჯგუფებს, სახელმწიფოს მხრიდან მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ ღიად მოძალადე ფაშიტური ორგანიზაციები არ უნდა იკრიბებოდნენ’’ – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ხელისუფლებას კონკრეტული ვადა მისცა, რათა არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.

პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე”.

ამავდროულად, საპატრიარქომ 16 ივლისს ლევან ვასაძის კონგრესიდან ჰომოფობიური ქადაგება გაავრცელა. 

ამასთან, რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.

 

იტვირთბა....