ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“გართულება შეიძლება ჰქონდეს როგორც ვაქცინას, ისე მედიკამენტებს, მაგრამ ამის გამო ვაქცინაზე უარს არ ვამბობთ”- სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გართულება და გვერდითი რეაქცია შესაძლოა ნებისმიერ მედიკამენტსა და ვაქცინას ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გამოყენებაზე უარი უნდა ვთქვათ.

როგორც ჩიხლაძემ კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას განაცხადა, ვაქცინას გართულება შესაძლოა იშვიათად ჰქონდეს და მისი სიკეთე ბევრად აღემატება მოსალოდნელ რისკებს.

“ვაქცინას შეიძლება იშვიათად ჰქონდეს გართულება, ისევე როგორც ანტიბიოტიკებს, ტკივილგამაყუჩებელს, როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას. მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას, მაგალითად, ანტიბიოტიკებზე, ანაფილაქსია განუვითარდა, არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკებს ვიღებთ მოხმარებიდან, იმის გამო, რომ 100 ათას შემთხვევაში 1 ან 2 გართულება შეიძლება იყოს ვაქცინაზე, არა მხოლოდ კოვიდსაწინააღმდეგოზე, არამედ სხვა ნებისმიერ აპრობირებულ და დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებად ვაქცინაზე, ვაქცინებზე უარს არ ვამბობთ,”- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ჩიხლაძე მსგავსი შემთხვევეის პრევენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  თავის დაზღვევის მიზნით ანამნეზის დეტალურად გამოკვლევა უნდა მოხდეს.

„ასეთი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მექანიზმი არის კარგად გამოკითხული ანამნეზი, რომ პაციენტს როდესმე რაიმე ისეთი რეაქცია ან უკუჩვენება ხომ არ ჰქონდა, რომ ამის გამო სამედიცინო პერსონალმა ეჭვი მიიტანოს,”- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და დღეს გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....