27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ამის შესახებ განცხადება დღეს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გააკეთა. მისივე თქმით, პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, რაც 24 საათში კვლავ განმეორდება და ამის შემდეგ პროგნოზის გაკეთება უფრო მარტივი იქნება.
“პაციენტი იყო უმძიმეს დგომარეობაში. მოხდა აბსოლუტურად ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ცოცხალია და ვნახოთ 24 საათში შემდეგ. პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, რაც გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, სუნთქავენ ერთად, წნევის დასტაბილურება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით ხერხდება. პაციდენტი მაქსიმალურ დოზებზეა. ამ დილისათვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. კიდევ 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებით ღრმა კვლევების ჩატარება”, – ამის შესახებ ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.
მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.