ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში „TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლის შინაარსის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, მისი მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორის დასჯა, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს სთხოვა.
“ღარიბაშვილი შემეცოდა იმ უხერხული სიცილებისთვისო, ბევრმა დაწერა. არა! ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის და ძალაუფლებისთვის ითმენს დამცირებას. ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში. მან ივანიშვილების მონობა აირჩია.
მე მხოლოდ ჩვენი ხალხი მეცოდება, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს და თავზე ბერას ლაქია დაასვეს.
მოვითხოვ რიგგარეშე, თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებს!”, – წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.