ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ არის ყოფილი მიმტანი, რომელსაც 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა

“5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დამემუქრა, რადგან ე.წ. თიფის არდატოვების გამო გავაკრიტიკე,” – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე “ფორმულასთან” ჰყვება.

როგორც ტატო ცეცხლაძე აღნიშნულ ტელეკომპანიასთან აცხადება, მან “ფეისბუქზე” კრიტიკული პოსტი მაშინ დაწერა, როცა დროებით მიმტანად მუშაობდა და ბერა ივანიშვილს მოემსახურა, მან კი მიმტანს ე.წ თიფი – სერვისისთვის დამატებითი თანხა არ დაუტოვა.

ცეცხლაძის თქმით, კრიტიკული პოსტის შემდეგ ბერა ივანიშვილი იმ რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა, სადაც დროებით მუშაობდა.

“სტატუსის დაწერიდან ნახევარ საათში მოვიდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ის მესაუბრა მერე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი.

მან მითხრა, რომ როგორც მიმტანმა ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, რომ ვიყავი პოლიტიკური პარტიების მიერ მიგზავნილი, რომ გამეკეთებინა ფული. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, ეხება ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები”. – ჰყვება ცეცხლაძე.

მისივე თქმით, იმავე საღამოს, მუშაობის დასრულების შემდეგ მას დაბურულშუშებიანი მანქანებთ გაყვნენ, რაც მან აღიქვა დაშინების მცდელობად. ცეცხლაძე ყვება, რომ მსგავსი რამ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

“რამდენიმე დღის მანძილზე გადაბმულად მირეკავდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

ისინი ითხოვდნენ, წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში”. – ამბობს ცეცხლაძე.

ამასთან, როგორც ცეცხალძემ “ფორმულას” განუცხადა, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ რესტორნის მფლობელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამავე ტელეკომპანიასთან საუბრისას ცეცხლაძე ირწმუნება, რომ მისი მონაყოლის დადასტურება რესტორნის მენეჯერსაც შეუძლია. მფლობელმა კი, მისი ბიზნესისთვის შესაძლო რისკების გამო, შეიძლება ამაზე უარი თქვას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

იტვირთბა....