ტვ “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი,” სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
გადაცემის ავტორების ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშსწორების გეგმას ცალ-ცალკე განიხილავენ.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშსწორების გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და ამბის დეტალებს აცნობს. ბერა მოქმედ პრემიერს ეუბნება, რომ ჩუბინიძის რაზმმა მსხვერპლი შეაშინა,თან ისე, რომ მისთვის ფეისბუქკომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს.
სავარაუდო სატელეფონო საუბრისას, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ასევე უყვება, რომ ფეისბუქპოსტზე მისი შეურაცხყოფის გამო, ჩუბინიძის დაჯგუფებამ სკოლის მოსწავლე, მიზანმიმართულად, ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის მიზნით, მეზობლების თვალწინ დაამცირა.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.
ჩანაწერის ავთენტიკურობა-არაავთენტიკურობის საკითხი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. გადაცემის ავტორებისთვის უცნობია რომელი წლის საუბარს ასახავს გავრცელებული ჩანაწერი.
ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერზე “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსი პირველად გუშინ გავიდა, რასაც დიიდ გამოხმაურება მოჰყვა.