ახალი ამბები მთავარი ციტატა

როდის მოხდა თავდამსხმელის იდენტიფიცირება – ვლადიმერ ბორცვაძის განმარტება

“თავმდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამით მოხდა  დაუყოვნებლივ და იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამისი მოქმედებები ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რაც დღესაც გრძელდება. ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად ვაწყდებოდით პროცესებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება.”

ვლადიმერ ბორცვაძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ამის შესახებ მან ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. ამავე თემაზე: “მეტრონომმა” გაავრცელა ბადრი ესებუას ოჯახის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....