გუშინ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონზე დარეკა უცნობმა პირმა, რომელმაც გვარამიას უთხრა, რომ თავდამსხმელი ამოიცნო.
დავით ხვიბლიანი – ეს არის ის სავარაუდო პირი, რომელიც გუშინ საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. უცნობი პირის განცხადებითვე, ბანკში ყველა მძევალი არ ყოფილა. შენობაში მყოფ სხვა მძევლებს შორის ზარის ავტორმა ამოიცნო ორი პირი, რომელიც, მისი განმარტებით, თავდამსხმელების თანამზრახველები და სენაკის მეორე ბრიგადის მოქმედი სამხედრო პირები არიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვარამიამ განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.