„მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს“, – აღნიშნულ განცხადებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“. – წერს ომბუდსმენი.
ცნობისთვის, მძევალი, რომელიც ზუგდიდში კვლავ „საქართველოს ბანკში“ იმყოფება, “მთავარ არხს“ ჩაერთო. როგორც მან განაცხადა, მძარცველი შეიარაღებულია და სიტუაციის ძალადობრივად მოგვარება გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.
„უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის სჭირდება“, – თქვა კვარაცხელიამ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია.
გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.