აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომის ფორმატში დაიხურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიის ფარგლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა, რამდენიმე მიღებული კანონის პროექტი შეაფასა და ევროკავშირის მისამართით ვრცელი კრიტიკული განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ამ წელს, როგორც სახელმწიფო, ვასრულებთ გამარჯვებული იმ მხრივ, რომ გვაქვს რეგიონისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. პირველად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 ათასს დოლარს გადააჭარბებს. პირველად ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჩვენ ამ შედეგებით გამორჩეული ვართ, როგორც რეგიონში, ასევე კანდიდატ ქვეყნებს შორის. ამას ვახერხებთ ჩვენი ძალით, ზედმეტი გარე არა თუ მხარდაჭერის, არამედ უმეტეს შემთხვევაში გარედან ხელის შეშლის ფონზე, როცა ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ძირი გამოსთხროდა საქართველოს ეკონომიკას, ძირი გამოსთხროდა საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას და ძირი გამოსთხროდა საქართველოში დემოკრატიას.

სამყაროში რთული პერიოდია. სამწუხაროდ, მეგობრები სანთლით არიან საძიებელი. რატომღაც ამ რთულ ვითარებაში ბევრმა საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკის გასატარებლად მოიცალა. ჩვენ ჩვენი პრობლემების დაძლევაში ვართ, რომელიც ოკუპაციის დასრულების მიზანს გულისხმობს და ამის ზემოდან გვიმატებენ პრობლემას წაქეზებისკენ, გამწვავებისკენ, ესკალაციისკენ, შუღლისკენ და იმ ყველაფრისკენ, რაც არის ევროპულობის ანტონიმი. ამას ევროკავშირის დროშით ხელში აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, არის ცივილიზაციური სირცხვილი, როდესაც ევროკავშირის დროშით ხელში საქართველოს პარლამენტს წვავ და ევროკავშირის დროშით ხელში პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმით აღებას ცდილობ, როცა ევროკავშირის დროშით ხელში „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრი, ევროკავშირის დროშით ხელში ბავშვებიან ქალს უვარდები და შეურაცხყოფას აყენებ. ეს ყველაფერი საქართველოში ხდება მხოლოდ მათი მხრიდან, ვისაც ხელში ევროკავშირის დროშა უჭირავს და ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციური სირცხვილი, რასთანაც ზოგიერთი ევროპული ძალა აიგივებს თავს საქართველოში.

ვუყურებთ რა, ევროპაში არსებულ ტენდენციებს და პატრიოტული ძალების მომძლავრებას, დარწმუნებული ვარ, რომ ის უმცირესობების მთავრობები, რომელიც თავს ახვევს ზოგიერთს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საკუთარ ხალხს მოუსმენენ და ყრუ კედელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ბიუროკრატიასა და ევროპელ ხალხს შორის დაინგრევა და ევროპული ბიუროკრატია საკუთარი ხალხის სურვილს მიჰყვება, რომ ევროპა იყოს მშვიდობის სივრცე და არა გამალებული შეიარაღების და მესამე მსოფლიო ომისთვის მზადების სივრცე, ევროპა იყოს ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე და არა ეკონომიკური დაღმასვლის სივრცე, ევროპა იყოს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე და არა გამოგონილი იდეოლოგიების საკუთარ სივრცეში გავრცელების და სხვა ქვეყნებისთვის თავსმოხვევის სივრცე.

ასე რომ, მომავალ წელს ამ წინასაახალწლო სურვილებით ვეგებებით – კვლავ მობილიზებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით.

ის, რაც ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით იცოდა და რასაც დღეს ბევრი ხალხი ხედავს, არის ის, რომ ეროვნული ინტერესი არის ამოსავალი ნებისმიერი გადაწყვეტილებისა. ასე შეიქმნა ერები, ასე შეიქმნა სახელმწიფოები, ასე იქმნება გაერთიანებებიც, როდესაც ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. ამას ვუსურვებ ყველას პოლიტიკურად! – ყველა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუსმინოს. ეს იქნებოდა ჩვენი სურვილი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ: – მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს, იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა მოჩვენებითი გლობალისტური, ზემიზნების მსახურებით, რომელიც საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ მხოლოდ ქიმერაა და ისე ადვილად იცვლება მისი ავტორების მხრიდან, როგორც მათი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური სურვილები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტი მუშაობას თებერვალში განაახლებს.

საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

იტვირთბა....