აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის სამიზნე გახდა ორიოლის, ლიპეცკის, ვორონეჟის, როსტოვის და სამარის ოლქები.

ქალაქ ორიოლში უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაზიანდა თბოელექტროსადგური. ადგილობრივები იუწყებიან, რომ მათ არ მიეწოდებათ წყალი და გათიშულია გათბობის სისტემაც.

წინასწარი ოფიციალური ცნობებით, დაშავებულები არ არიან. რეგიონში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო და სარაკეტო თავდასხმის განგაში.

19 დეკემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა სამარის ოლქში მდებარე ამიაკის მსოფლიოში უდიდეს ქარხანაზე „ტოლიატაზოტზე“. შედეგად ქარხანის ტერიტორიაზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ადგილობრივები იუწყებიან, რომ ხელისუფლებამ ქარხანასთან მიმავალი გზები გადაკეტა.

აფეთქებები იყო ასევე ვორონეჟში, ლიპეცკში, ბელგოროდში და როსტოვშიც. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაშავდა ხუთი თვის ბავშვი. ლიპეცკში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. ტაგანროგში თავდასხმის დროს დაზიანდა ხუთი კერძო სახლი, ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს. როსტოვის ოლქში კი დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგიერთ რაიონებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო 19 დეკემბრის ღამით რუსეთში დროებით შეჩერდა ათი აეროპორტის მუშაობა. მათ შორის ვლადიკავკაზის, გროზნოს, მაგასის, სამარის და იაროსლავის აეროპორტები.

იტვირთბა....