საუბარია, რომ თანამდებობის პირებს, თუ მოხელეების ჯგუფს ჰქონდეს ვიზის აღების ვალდებულება და სხვას არ ჰქონდეს, უვიზო მიმოსვლა შეწყვიტონ მხოლოდ რაღაც ჯგუფისთვის. ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი, მაგრამ არ ჰყოფნის არც ამის კვალიფიკაცია და დიდ ზიანს ვერ აყენებს ქართველ ხალხს- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას.
შალვა პაპუაშვილის აზრით, ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის უვიზო მიმოსვლა ინსტრუმენტად არის გამოყენებული.
„ზოგადად, ევროკავშირის საგარეო კავშირის ესტონიზაცია იმასაც გულისხმობს, რომ ინსტრუმენტად არის გამოყენებული ევროინტეგრაციის და უვიზო მიმოსვლის პროცესები. არის არა პროცედურების საკითხი, არა ხალხების დაახლოების საკითხი და ა.შ. არამედ, არის ძალიან ცივსისხლიანად, როგორც პოლიტიკური იარაღი სხვა ქვეყნების მიმართ გამოყენებული. ასე რომ, ამ ფარგლებში, თავისთავად, რაიმეს გამორიცხვა რთული არის, მითუმეტეს, როდესაც გვესმის საუბრები, სურვილია გარკვეული შეზღუდვები იყოს, მათ შორის, გამოყონ ადამიანების ცალკე ჯგუფი, რომლებსაც მოგვაწებებენ იარლიყს, ასე სეგრეგაცია ჩაატარონ და საუბარია, რომ თანამდებობის პირებს, თუ მოხელეების ჯგუფს ჰქონდეს ვიზის აღების ვალდებულება და სხვას არ ჰქონდეს, უვიზო მიმოსვლა შეწყვიტონ მხოლოდ რაღაც ჯგუფისთვის. ამას სამართლებრივად ჰქვია სეგრეგაცია, როდესაც სახელმწიფოში სხვადასხვა ჯგუფებს ყოფ, ავტობუსში უკან დასვამ, რომელიღაც რესტორანში არ შეუშვებ, შენ ქვეყანაში ერთ ჯგუფს შეუშვებ, მეორეს არა – ამას ჰქვია სეგრეგაცია. ესეც გამოვლილი აქვს ევროპას ასი წლის წინ. თუ უნდათ, რომ ევროპას კვლავ დაადგეს სეგრეგაციის გზას, რაღაც ლოგიკური შეიძლება ამაში იყოს, ვხედავთ, რა, იმ ტენდენციებს, რითაც ყოველგვარი სასამართლოს და მართლმსაჯულების გარეშე საერთაშორისო დამნაშავის იარლიყებს აწებებენ ადამიანებს, სასანქციო პოლიტიკას ვგულისხმობ. ეს არის სწორედ ის, როცა ვამბობთ, რომ ბრიუსელს ევროკავშირი მიჰყავს ცივილიზაციური უფსკრულისკენ, იმ ბნელი წარსულისკენ, სადაც ოდესღაც ევროპაც იყო“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების ნაწილში, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში სამართლიანობა და ლოგიკა არ უნდა ეძებო.
„ჩვენ ნუ ვეძებთ ლოგიკას და სამართლიანობას ბრიუსელის გადაწყვეტილებაში. რაღაც პერიოდია, ბრიუსელი მოქმედებს არა გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპულობიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ იარაღად გამოიყენონ სხვადასხვა საკითხები, უბრალოდ, საბედნიეროდ, პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ასეთი სხვადასხვა გადაწყვეტილებებით დიდი ზიანი მიაყენონ თუნდაც საქართველოს. ვნახეთ, რომ აქამდე რაც სცადეს, იმისთვის, რომ მათ შორის, შეეცვალათ ხელისუფლება გარედან, საკუთარი ელჩიც კი ჩართეს საარჩევნო კამპანიაში, საკუთარი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტიკოსები, კომისრები ჩართეს საარჩევნო კამპანიაში და ამაზე მდაბიო საქციელი, რა უნდა გვენახა საერთაშორისო პოლიტიკის გაგებით. თავ-ქუდიანად გადაეშვნენ ყოველგვარი ვენის, სტრასბურგის, თუ ბრიუსელის და რაიმე კონვენცია თუ არსებობს ამ სფეროში, ყველაფრის დარღვევით გადაეშვნენ საარჩევნო კამპანიაში, რომ ხელისუფლება გარედან შეეცვალათ. ამ ყველაფერში დამარცხდნენ ერთადერთი მიზეზის გამო – პოლიტიკური უმწიფრობა და არაკვალიფიციურობა არის ბრიუსელში ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, იმიტომ, რომ ჩვენ სათანადო ზიანი ვერ მოგვაყენეს. ჩათვალეს, რომ აქვთ ინსტრუმენტები, რომელიც თავის დროზე აშშ-ს წინა ადმინისტრაციას ჰქონდა და იყენებდა, ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს ინსტრუმენტები, უარი თქვა სხვა ქვეყნებში ამგვარ პოლიტიკურ ინტერვენციაზე და ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი, მაგრამ არ ჰყოფნის არც ამის კვალიფიკაცია, საბედნიეროდ და დიდ ზიანს ვერ აყენებს ქართველ ხალხს, რომელმაც ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო, თუ რა განზრახვები აქვს ზოგიერთს ბრიუსელში საქართველოს მიმართ“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

