აზერბაიჯანული მედია კომპანია „აზერენერჯიზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ განჯაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.
მედიის ინფორმაცით, კომპანიამ დაზიანება მოკლე დროში აღმოფხვრა.
„მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები, რომლის სამიზნე მინგეჩაურის წყალსაცავი იყო, ჰაერშივე განადგურდა, განჯის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამუხ – გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი,“- აცხადებენ „აზერენერჯიში“.
ცნობისთვის, გვიან ღამით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს. განჯაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, შეგახსენბთ, რომ მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.