ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთის ალტერნატივაა ირანი” – შესაძლოა თუ არა ყარაბაღის კონფლიქტში ირანიც ჩაერთოს

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი არაიკ ჰარუთიანიანი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარეებს შორის განახლებული დაპირისპირება ირანის წინააღმდეგაც არის მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა  (http://arka.am) ავრცელებს.

თუ რას ნიშნავს ეს განცხადება და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ირანიც ჩაერთოს, “მეტრონომი” ანალიტიკოსს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაერთვება. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სომხური მხარის მიზანია ირანის მხარდაჭერა მიიღოს.

“ირანის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ირანი არანაირ კონფლიქტში არ ჩაებმება. ამ მხრივ მოლები ძალიან ფრთხილნი არიან. როდესაც თურქეთთან ასეთი გამწვავებული ურთიერთობა აქვს სომხეთს, მისთვის ალტერნატივა იყო ირანი. ძალიან შორსმავალი პესპექტივაა, რომლის ნიშნები არ ჩანს” – განაცხადა ცინცაძემ.

სოსო ცინცაძე კონფლიქტში საქართველოს ერთგვარ როლზეც საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ რუსეთი დაპირისპირებაში ჩართვას არ მოისურვებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ კრემლმა საქართველოს დერეფნის როლის შესრულება მოსთხოვოს, რაზეც ქართულმა მხარემ კატეგორიული უარი უნდა განაცხადოს.

“თუ ვიგულისხმებთ ომს, უკვე ომია, მაგრამ ამ ომში რუსეთი არ ჩაერთვება, თურქეთი შეიძლება ჩაერთოს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა მოგვთხოვოს ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის ნებართვა, მაგრამ დღეს საბურავებსაც ჰუმანიტარულ ტვირთს უწოდებენ. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ქართულმა დიპლომატიამ ერთხელ მაინც პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს” – განაცხადა სოსო ცინცაძემ “მეტრონომთან.”

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....