“მიჩნდება კითხვა, რა ჯობია, როცა სისტემის განუკითხაობა პოლიტიკურად კონტროლირებადია, თუ როცა სისტემა ქვედა დონეებზე ახდენს საქმეების გაფუჭებას? ცუდია, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, როცა პოლიტიკურ ვერტიკალში იყო ჩადებული მანკიერებები, მაგრამ მეორე შემთხვევა უარესია. შაქარაშვილის საქმესათან დაკავშირებით გვაქვს ეს პრობლემა. უნდა გვითხრან ის ავტორიტეტი, რომელმაც დააორგანიზა ჯგუფების გაგზავნა მცხეთაში, დამკვეთი რომ არ ყოფილიყო, დანაშაულიც არ მოხდებოდა.”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
ამის შესახებ ხუხაშვილმა ტვ პირველის გადაცემა “დღის ამბებში” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.