აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს და უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდეს, თუ ეს ომის დასრულებას ხელს შეუწყობს.
უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა უკრაინაში ჩასვლას.
„ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა, წასვლა აუცილებელი არ არის. თუმცა, მე შევთავაზე მათ უკრაინაში ჩასვლა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. თუ ეს ხელს შეუწყობს. არ ვიცი, დაეხმარება თუ არა. ვფიქრობ, ალბათ დაეხმარება, მაგრამ არ ვიცი“, – განაცხადა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მისი ნახვა ყოველთვის გაუხარდებათ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, მზადაა, ეს გააკეთოს.
„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.

