ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 დაკავებულს განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდა

გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

გამოძიებამ საქმეზე უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა და მათ ახალი, 109-ე მუხლი წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალიდ დამძიმების გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.  პროკურატურას უკვე აქვს სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც 10 კითხვაზე პასუხი გაცემულია და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებოდნენ სამართალდამცავები.

პროკურატურის ცნობით, ბრალი დაუმძიმდება “ტოიოტა ქამრის” იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვან ზ.ხ-ს, ა.ქ-ს და არჩილ გაგნიძეს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება “ტოიოტას” მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის გაქცეულ ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა.

ცნობისთვის, 17 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა,  რომელშიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთო. გამოძიებამ ექსპერტებს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.  ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

 

იტვირთბა....