ეტყობა, მას რაღაც ელანდება – ასე გამოეხმაურა, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებას, თითქოს მას “საქმეს უკერავენ”.
როგორც რამიშვილი აცხადებს, უცნაურია ის რასაც ლობჟანიძე ამბობს და უხერხულია მისი მხრიდან ასეთი საუბრები.
“ეტყობა, მას რაღაც ელანდება. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. თუ ლობჟანიძე ამგვარ რაღაცას მართლა ამბობს, მაშინ ეს ყველაფერი რაღაცისთვის სჭირდება – რაღაც რომ შექმნას. ცოტა უცნაურია, მას საქმეს ვინ უკერავს? თუ ეს ბიჭი მართლა ამას ამბობს, გამოდის, რომ თამარის ოჯახშიც რაღაც მიზნისთვის არის მისული და დაგეგმილად არის ამ საქმეში ჩართული – თამუნასთან ურთიერთობაშიც დაგეგმილად გამოჩნდა. მას ჩემთან ჰქონდა რამდენიმე დღიანი საუბარი, ჩვენ ბევრ რაღაცაზე ვსაუბრობდით, მას ბევრ რაღაცას ვეკითხებოდი, რაღაც-რაღაცეებს ვუხსნიდი. უხერხულია ბაჩანას ასეთი საუბრები, მას ჭკუას ვარიგებდი. მის ამ საქციელს მაიმუნობა და არასწორობა ჰქვია”, – განაცხადა რამიშვილმა.
ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, ეჭვი აქვს, რომ მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიგზავნილია.
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.