ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სარგებელს მოუტანს ფინანსური ამნისტია ქართულ ბიზნესს? – ის, რაც სამეწარმეო სექტორს და ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება

სჭირდება თუ არა ქართულ ბიზნესს ფინანსური ვალდებულებების ამნისტია და რა სარგებელს მოუტანს ჩამოწერილი გადასახადებისგან გათავისუფლებული ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკას? სტატიაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა მოსაზრებებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დასავლეთსა და განვითარებულ ქვეყნებში ბიზნეს სტიმულირების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ფინანსური ვალდებულებებისგან ბიზნესის გათავისუფლება, რითაც ხელისუფლებები ცდილობენ არსებული საგადასახადო წნეხის შემცირებას ბიზნესზე, რაც აისახება მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა საჭიროა ზღვარი გამოინახოს, რადგან ამ ყველაფერს გადასახადის გადაუხდელობის წახალისების ხასიათი არ მიეცეს.
ჩვენ მიერ გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობა ცალსახად დადებითად მოიხსენიებს ფინანსურ ამნისტიას ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამისთვის სწორად შერჩეული დრო და სამართლიანი პირობებია საჭირო, ეს იმიტომ, რომ ბიზნესის მხრიდან გადასახადების დაგროვებას სისტემური ხასიათი არ მიეცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ გამონაკლისი დადებითია, თუმცა მათივე განცხადებით, ფინანსური ამნისტია არჩევნების პერიოდს საეჭვოდ დაემთხვევა, რაც ერთჯერადი ცვლილების პოლიტიზირების შანსებს ზრდის.

ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით “მეტრონომი“ ეკონომისტ ოთარ აბესაძეს ესაუბრა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

– რამდენად წაახალისებს ბიზნესებს ფინანსური ამნისტია და წაადგება თუ არა ეს გამონაკლისი ინვესტიციებს?

– ინვესტიციებს არ წაადგება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსური ამნისტიციები სასარგებლოა, რადგან პოსტკოვიდურ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესი გაქრა, შემდეგ მყიფე ეკონომიკის გამო ფიზიკურ პირებს დაუგროვდათ გადასახადები, რომლის გადახდაც ვეღარ შეძლეს, ამის ფონზე საგადასახადო ეკონომიკა ბევრად ლიბერალური უნდა გახდეს, რადგან ბიზნესმენმა ეკონომიკური საქმიანობის წარმოება მეტად მოქნილად შეძლოს. გვაქვს უხეში, კაბალური პირობები, რომელიც გასამარტივებელია. რაც შეეხება წახალისებას, ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელსაც ბენეფიციარებისთვის პოზიტიური შედეგი ექნება, თუმცა ეს ეკონომიკას არ გააჯანსაღებს. ეკონომიკას სწორი რეალური მიდგომები სჭირდება.

– შექმნის თუ არა სამუშაო ადგილებს ეს გამონაკლისი?

– სამუშაო ადგილებს ამნისტია ვერ შექმნის. სამუშაო ადგილებს შექმნის: ქვეყანაში არსებული მყარი ვალუტა, რომ ბიზნესმენს არ სჭირდებოდეს ყოველდღიურად ვალუტის კურსის შემოწმება. ის სტაბილურ ვალუტაში უნდა ოპერირებდეს. მსხვილი ინვესტიციები უცხოეთიდან – დღესაც ბევრი ადამიანი მუშაობს ონლაინ, საკუთარი სახლიდან უცხოური კომპანიებისთვის ევროპაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. და ბოლოს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატი – მონეტარულ პოლიტიკასა და პოლიტიკურ კლიმატს, ფულის სტაბილურობას შემოაქვს უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. ეს სამი კომპონენტი მთავარია, ვერც ამნისტია და ვერც ხელოვნური ჩარევა შექმნის სამუშაო ადგილებს.

– ეს ხომ არ იქნება ცუდი გადამხდელების წახალისება? და როდიდან იქნება სამართლიანი ბიზნესისთვის გადასახადების პატიება?

– ამ შემთხვევაში ცალსახად ბიზნესს ვუჭერ მხარს, რადგან ინფლაციისა და საქართველოში არსებული ეკონომიკური ტურბულენტობის ფონზე ბევრი წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესი დაიხურა. დღეს მძიმე ეკონომიკური კანონმდებლობა გვაქვს და ამის შეცვლა აუცილებელია ინფლაციის გამო.

პირობითად, ჩვენ გვაქვს დღგ პირობითად 18%, თუ პური ღირდა 1 ლარი, ადამიანი იხდიდა ამ დღგ-ს – 18 თეთრს, ახლა პური 2 ლარი ღირს, თუმცა მოქალაქე კვლავ ამ თანხის 18%-ს ანუ 36 თეთრს იხდის. ამ ქვეყანაში ინფლაციიდან გამომდინარე მზარდი გადასახადები გვაქვს, არ გაგვაჩნია სტაბილური საგადასახადო პოლიტიკა. ინფლაციამ ბევრი რამ გააფუჭა. ათვლის წერტილზე ორიენტირების ნაცვლად უნდა შევეცადოთ, რომ საგადასახადო პოლიტიკა მაქსიმალურად ლიბერალური გახდეს.

– არის თუ არა ამ ამნისტიის პოლიტიზირების საფრთხე?

– რა თქმა უნდა, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობა რაიმე სახის ფინანსურ შეღავათს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს, ამაში აუცილებლად არის ჩადებული პოლიტიკური მიზანი და ამას არ აქვს კავშირი ეკონომიკურ წახალისებასთან.

“მეტრონომი“ ასევე ესაუბრა ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელიც ფინანსური ამნისტიის მომხრეა, თუმცა აღნიშნული ინიციატივის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელება აეჭვებს:

– არის თუ არა ამნისტია იმ მეწარმეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებიც გადასახადებს პირნათლად იხდიან?

– თუ მეწარმეობის მიმართულებით წავალთ, ეს გარკვეულწილად ნამდვილად ეგრეა, თუმცა ვინაიდან ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო, ეს ამნისტია ასე თუ ისე მაინც მისაღებია. მე ჯერ კიდევ პანდემიის დროს ვიყავი მომხრე, მწვანე ამნისტია გამოგვეცხადებინა, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ იურიდიულ პირებსაც. დაგვეწყო ე.წ “რესტარტის“ პოლიტიკა და ახალი ფურცლიდან, რადგან ეს ეკონომიკას ძალიან წაადგებოდა, ვინაიდან, მათ შორის ბევრი ფიზიკური პირი, რომელიც გარკვეულ საქმიანობას ეწეოდა, სწორედ პანდემიის პერიოდში ჩავარდა და შესაბამისად ამან ძალიან რთული ვითარება შექმნა ქვეყანაში. ფაქტობრივად, თითქმის ორასი ათასამდე ათას ადამიანს ბინზეს საქმიანობა ეკრძალება იმიტომ, რომ არის ამ ქაოსში მოყოლილი. აქტივობა ეკრძალება და ზოგი მაინც აქტიურობს, ზოგი საერთოდ პრობლემებშია და ასე შემდეგ. ეს ამნისტია, რა საკვირველია, ცუდი არ არის, კარგია, ჩემი აზრით, თუმცა ვისურვებდი, რომ შეხებოდა ყველას, არ ყოფილიყო ასეთი შერჩევითობა- დაგვეყო იქ ფიზიკურ პირებად და იურიდიულ პირებად. ვადაზე შეიძლება მსჯელობა წავიდეს, ვადაში ვგულისხმობ რა პერიოდში უნდა ეპატიოს და რა პერიოდიდან. 2023 წლის რომ ეპატიოს ეს არ მიმაჩნია სწორად იმიტომ, რომ წინა პერიოდს უნდა შეეხოს და ეს უნდა იყოს “უიმედო ვალდებულება”, რომელსაც ვერ იხდიან უბრალოდ სახელმწიფოში და ამ შემთხვევაში ასეთი მიდგომა უფრო სწორი იქნებოდა. მერე ამან არ უნდა შექმნა, რაც აღნიშნეთ, შეგრძნება, რომ ვიღაც პატიოსანი იხდის ან რამე შეეშალა და არ იხდის და ამის გამო დავარღვევ და მერე ისევ მეპატიოს. წინა პერიოდს უნდა შეხებოდა ეს და როგორც ვიცი, ალბათ 2023-იც შეჰყავთ (ზუსტი ინფორმაცია არ არის გავრცელებული). თუ იქნება 2021-ის ან 2022-ის ჩათვლით, იქნება უფრო რელევანტური და სწორი მიდგომა. მითუმეტეს ანგარიშგების სისტემით 3-წლიანი ვადა აუდირებას ექვემდებარება უკუგადათვლით და სანამ აუდირების ვადა არ არის გასული, ამ პერიოდზე არ უნდა გავრცელდეს ამნისტია.

– როგორ ფიქრობთ, საბანკო ისტორიის სუფთა ფურცლიდან დაწყება, რამდენად მოახდენს გავლენას ეკონომიკის ზრდაზე?

– შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამან გარდამტეხი რაღაც მოახდინოს ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ამ 145 ათას ოჯახს პრაქტიკულად ეს უზარმაზარი პრობლემა მოეხსნება. რიგი მათგანი არაფორმალურად, ახლობლის დახმარებით ცდილობდა აქტიურობა ეწარმოებინა, ამ შემთხვევაში არა სხვისი დახმარებით არამედ თვითონ დაიწყებს ამ აქტივობას. რაღაც ნაწილი მცირე ბიზნესის მიმართულებით, რა საკვირველია, შედეგებს მოგვცემს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დასაქმების, თვითდასაქმების თვალსაზრისით, მცირე ბიზნესი მაღალ პროცენტს იკავებს, მაგრამ ეკონომიკაში მას დიდი ხვედრითი წილი არ აქვს. მცირე ბიზნეს დაეტყობა გარკვეულწილად, მაგრამ არა მთლიანად ეკონომიკას. ეს დადებითი კი არის, მაგრამ გარდამტეხი არ იქნება, ნამდვილად.

– თქვენ ახსენეთ, თარიღზე შეიძლება დავა, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის საფრთხე, რომ ეს პროგრამა მთავრობამ პოლიტიზირებულად გამოიყენოს?

– როგორც ცნობილია, ამნისტია “ხანდაზმულობის” მიღმა მყოფ სესხებსაც მოიცავს: პოლიტიზირების ხარვეზს, ვხედავ, რა საკვირველია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის სესხები, ეს ცალკე თემატიკა იყო, თუმცა, თუ ის “უიმედოა” შეიძლებოდა ამაზე დავა. ამ საკითხთან, რასაც ჰქვია, სახელმწიფო მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ეკონომიკა, ეს კერძო სექტორის ნაწილია და მასთან სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა შეხება. საგადასახადო ამნისტია უნდა ყოფილიყო გაცილებით ფართო და ლოგიკურიც. მე როდესაც ვადაზე ვლაპარაკობდი, ლოგიკურად ვასაბუთებდი ამ ვადას, რომ ბოლო სამი წელიწადი აუდირებას ექვემდებარება შესაბამისი ბიზნესაქტივობა, ბოლო 3 წელს იქეთ რაც არის ის ისედაც ხანდაზმულია და ამ სამი წლის განმავლობაში, პრობლემა რომ ჰქონდა, გაურთულდა და ვერ მოუარა, შესაბამისად აქ არ იქნება შეგრძნება, რომ ვიღაც კონკურენციაში დავჩაგრეთ და არც იმ მოტივებს დაბადებს, რომ “მერე მაინც მეპატიება” და სცადონ ეს დამალვა. საბანკო ნაწილზე ჩვენ გვახსოვს ერთხელ კიდევ მოხდა მსგავსი პოლიტიკის გატარება, თუმცა ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა მაშინაც შერჩევითი იყო. ბევრ ფიზიკურ პირს ეგონა, რომ ეს სესხები 5000 ლარამდე ეპატია, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ ყოფილა და მერე პრობლემაში აღმოჩნდა. თუ კეთდება ასეთი ტიპის პოლიტიკა, ან საყოველთაო უნდა იყოს ან თავი უნდა დაანებო. უმჯობესი იქნებოდა საარჩევნო დროს არ იყოს ეს, ყოფილიყო მაშინ, როცა ყველაზე მეტად ეს ეკონომიკას სჭირდებოდა და ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პოსტკოვიდურ პერიოდში და დღეს ეკონომიკური რეალობა აბსოლუტურად სხვა გვექნებოდა, უფრო მძლავრი და უფრო წინ ვიქნებოდით წასული.

– რამდენად აპრობირებული მეთოდია საფინანსო ამნისტია დასავლურ რეალობაში?

– გამოცდილების თვალსაზრისით ეს მაინც დადებითი მომენტია, რადგან ადამიანს გაუპრობლემდა სესხი და ის უკვე ვერ აბრუნებს ამ სესხს, მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. მითუმეტეს, საკანონმდებლო დონეზე მას აქვს უკვე პრობლემები წარმოშობილი, ზოგს ინკასო და ზოგს ყადაღა, რა საკვირველია, ხანდაზმული სესხი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასეთი სესხების ჩამოწერა. ჩვენთან უბრალოდ ხანდაზმული სესხი ავტომატურადაც ჩამოიწერება, თუ სამი წლის განმავლობაში რეაგირება არ იქნება, მაგრამ ლოგიკურია, ვინც კრედიტორია ამ ვადებს არ უფრთხის და ის რა საკვირველია, ის იურიდიულ ჭრილში უკვე მოითხოვს ამას. რახან მოთხოვნა დადგა, ეს ძალიან დიდხანს, შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდეც კი გაჰყვეს ადამიანს. ამიტომაც, ზოგადად, გარკვეულწილად ეკონომიკური თვალსაზრისით ეს დადებით მომენტს ქმნის, თვითონ ამ სესხების მეპატრონეები, მესაკუთრეებიც იაფად, მაგრამ ამ სესხებს ყიდიან. ისინი ხომ მთლიანად არ თმობენ ამას, რომელიღაც კონკრეტული სუბიექტი ახლა არ ვიცი ვინ იქნება, წინათ “ქართუ” იყო, რომელმაც გამოისყიდა მთლიანად, რამდენიმე მილიარდიანი პაკეტი, ალბათ რამდენიმე მილიონად და ისინიც გარკვეულ ბენეფიტს ხედავენ ამ ნაწილში. მინიმუმ ის თავნი ფული, რაც ჰქონდა გამსესხებელს, მიკროსაფინანსო იყო თუ სალომბარდო სისტემა, მას იბრუნებს. დანარჩენი უკვე დამატებითი ვალდებულებებია, უკვე წლების მანძილზე დაგროვილი სესხების საურავები და ასე შემდეგ, რაც ბევრ შემთხვევაში არაადეკვატური არის ჩვენს რეალობაში, საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომაც ასეთი ტიპის გარკვეული “დატიების” პოლიტიკა შეიძლება ოღონდ არა საარჩევნო წელს, ასეთი პოლიტიკისგან საარჩევნო წელს თავი უნდა შეიკავო. ეს უნდა განახორციელო მანამდე ან მას მერე რაც ხელისუფლებაში იქნები არჩევნების შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამნისტიის მიზანია 145 ათასი მოქალაქის აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რადგანაც საგადასახადო დავალიანების გამო, მათ ამჟამად ეკონომიკური ოპერაციების განხორციელება შეზღუდული აქვთ. კითხვაზე არის თუ არა ამნისტია იმ მოქალაქეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებიც გადასახადებს პირნათლად იხდიან, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ასე არაა, რადგანაც დავალიანების ჩამოწერა ხანდაზმულობის ვადის გარეთ მყოფ ვალდებულებებს შეეხება.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია. ის საგადასახადო შეღავათების სისტემურ სახეს კატეგორიულად ემიჯნება და ამბობს, რომ კონკრეტულ პირებსა და ბიზნესს არ უნდა გაუჩნდეს მოლოდინი იმისა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო დავალიანებას ჩამოაწერს. ჭარაია განმარტებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ბიზნეს სექტორისთვის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, თუმცა ამის მიუხედავად, თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას. კერძოდ, საგადასახადო დავალიანება განპირობებული უნდა იყოს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით და ამასთანავე, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, რამაც ჯარიმის დაკისრება გამოიწვია, უნდა იყოს გამონაკლისი.

იტვირთბა....