ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სამი წევრი რუსული კანონის წინაამღდეგია

ბოლო 9 დღეში, „ქართული ოცნების“ „აგენტების კანონს“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სამი სასულიერო პირი დაუპირისპირდა. სამივე წმინდა სინოდის წევრია. ისინი საზოგადოების პროტესტზე, ევროინტეგრაციის დაზიანებასა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი [იარაჯული] 24 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კონკრეტულად ეკლესიის სტიგმატიზების საფრთხეზეც მიუთითებს და წერს, რომ სტიგმატიზება „არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან“.

ამასთან, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრის შედგენის მიზანს უსაფუძვლოდ თვლის და ეს იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ინსტიტუციებსა და შესაბამის სამსახურებს ისედაც ყველაფრის კონტროლი შეუძლიათ.

„გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე“, – წერს მთავარეპისკოპოსი და საგანგებოდ აღნიშნავს, საიდან მოდის საფრთხე და ვის უნდა შეეხებოდეს კანონპროექტი – „თუკი გვსურს ნამდვილი საფრთხეების აცილება“:

საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.
საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარეს თვითგამოცხადებული “სახელმწიფოები”.
სინოდის წევრისთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების – „სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება“.

მანამდე, 16 აპრილს. განცხადება გამოაქვეყნა – ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ [ინწკირველი] და „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დამაზიანებელ საფრთხეებს დაუკავშირა.

მან აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა დააფასოს „თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი“.

ეპისკოპოსმა საბამ გამოთქვა იმედი, რომ, შარშანდლის მსგავსად, კანონის დამტკიცება ვერც წელს მოხერხდება – „მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში“.

18 აპრილს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის [ბერბიჭაშვილი] წერილიც გამოქვეყნდა, სადაც ის „აგენტების კანონის“ კვლავ ინიციირებით შექმნილ „სახიფათო დაძაბულობასა“ და შესაძლო გამოუსწორებელ შედეგზე ლაპარაკობს:

„დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს“.

ვითარების განმუხტვის ერთადერთ გზად მიტროპოლიტ გრიგოლს ხელისუფლების მიერ „გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯის“ გადადგმა და სადავო კანონპროექტის კვლავ უკან გაწვევა წარმოუდგენია.

„ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში“, – წერს მიტროპოლიტი გრიგოლი.

18 აპრილის შემდეგ, ახალგაზრდების პროტესტმა იმატა; გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების სიმწვავეც;
25 აპრილს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვას.
ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს.

სადავო კანონპროექტის შესახებ დუმს საპატრიარქო.

პოზიციის გაზიარება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ვთხოვეთ. „ამაზე არ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება“, – მოკლედ გვიპასუხა დეკანოზმა.
განაგრძეთ კითხვა

იტვირთბა....