საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია “პირველი არხის” ეთერში, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ქვეყანა საარჩევნო პროცესშია და ყველა შეეცდება ამ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.
“დღეს ჩვენმა თითოეულმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმისა, თუ რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას იმის შესაძლებლობა, სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს ეს საქმე. სწორედ ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები.
სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. ფაქტი ისაა, რომ ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით, ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიეწოდოს ჩვენს მოქალქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთასა და მსგავს შემთხვევას კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. ყველა შეეცდება ამ საკითხის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას. სამწუხაროდ, ეს ფაქტია.” – განაცხადა გახარიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადება ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.