შეგრძნება მაქვს, რომ მათი ქვეყნის, რომელსაც ისინი მართავენ, ამ ქვეყნის მოქალაქე მე არ ვარ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მასზე დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაციას გადაურჩა, ის თავს დაცულად მაინც არ გრძნობს.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და მე ცოცხალი ვარ, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. ვგრძნობ რომ მათი დამოკიდებულება ისეთია, ადამიანურ დონეზეც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ გიორგი გაბუნიას მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებენ, თუ ეს სიმართლეა. სამსახური და ადამიანური ურთიერთობები ორი სხვადასხვა რამ არის. შეიძლება სტუმრებთან, რომლებზეც ვაკეთებთ სიუჟეტებს, რომლებზეც ვაკეთებდი გადაცემას, ხისტი ურთერთობა მქონდეს ეკრანიდან და ხისტი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ვერც ერთი სტუმარი, რომელიც ჩემთან მოდიოდა სტუდიაში, ვერ იტყვის, რომ რაიმე ადამიანურ ცუდ განწყობას გრძნობდა ჩემგან. მე მესმის, რომ არ არის მათი არჩევანი უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ რაღაც განცხადებები, თქვან სინამდვილეში რას ფიქრობენ და რა იციან, მაგრამ ეს როგორ არ შეუძლიათ, რომ ადამიანურ დონეზეც კი გამოხატონ… როგორც მოქალაქესაც, თუნდაც როგორც პრემიერი ამბობს, ჯიგრულ პონტშიც კი ვერ გეუბნებიან, რომ გიორგი ნუ გეშინია, თუნდაც თქვან რომ „მაგარი ხელისუფლება ვართ და შენ ვერავინ ვერაფერს გიზამს“, არა, არ შეუძლიათ. შეგრძნება მაქვს, რომ მათი ქვეყნის, რომელსაც ისინი მართავენ, ამ ქვეყნის მოქალაქე მე არ ვარ.” – განაცხადა გაბუნიამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადება ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.