ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ის მომლაპარაკებლები უკრაინას დონბასის დათმობას სთხოვენ”- AFP

AFP წერს, რომ 14 დეკემბრის მოლაპარაკებებზე აშშ-ის მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის წარმომადგენლებზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა კიევმა კონტროლის ქვეშ მყოფი დონბასის ნაწილზე უარი თქვას.

ამის შესახებ გამოცემა მოლაპარაკებების შინაარსის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით წერს.

„კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ტერიტორია სურს“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ უკრაინა „გავიდეს“ ამ ოლქებიდან, რაზეც კიევი „არ თანხმდება“.

„გარკვეულწილად გასაოცარია, რომ ამ საკითხზე ამერიკელები რუსების პოზიციას იკავებენ”, – განუცხადა წყარომ AFP-ს.

ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში 14-15 დეკემბერს გაიმართა.

დღეს საღამოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს შეხვდება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინა მზადაა, ომის დასრულების მიზნით დონბასში დემილიტარიზებული ზომა შეიქმნას.

კიევის თქმით, დემილიტარიზებული ზონა მოითხოვს, რომ როგორც უკრაინულმა, ასევე რუსულმა ძალებმა დატოვონ დონბასში არსებული ფრონტის ხაზი.

ამასთან ერთად, 12 დეკემბერს Financial Times-მა დაწერა, რომ უკრაინულმა და ევროპულმა მხარემ ტრამპს წარუდგინა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო გეგმაში ჩაიწერა ვალდებულება, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1 იანვრისთვის გახდეს.

აშშ ასევე გამოთქვამს მზაობას, უკრაინას NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს და იურიდიულად იქნება სავალდებულო.

ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს ყველაზე დიდ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას, რაც კი ოდესმე ჰქონია და მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან კეთილდღეობის პაკეტს“ — თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

იტვირთბა....