“ზუსტად ისევე როგორც ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე უნდა ყოფილიყო. მაშინაც ვთვლიდი, რომ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო მკვეთრი, ხმამაღალი, უნდა მოეთხოვა საერთაშორისო მხარდაჭერა, დახმარება და პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი ყველა მოქალაქე. ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი მოქალაქეების კარგ და ცუდ მოქალაქეების დაყოფის უფლება. მაშინ სახელმწიფომ ეს გვაჩვენა, რომ კარგ და ცუდ მოქალაქეებს შორის ზღვარი გაავლო და თქვა, რომ ეს ცუდები არ მაინტერესებსო. მაშინ დაუშვა შეცდომა და იმედი მაქვს, რომ იგივეს არ გაიმეორებს.”
თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა. რითაც, უპასუხა კითხვას: ხომ არ არის ეს ის საქმე, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგზე უნდა გაიტანოს ხელისუფლებამ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადება ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.
საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.
ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.
მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.