იაპონიამ ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 39 მათგანში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ შეეხო დედაქალაქ ტოკიოს.
მთავრობამ ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.
იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს გამოცხადდა, მოგვიანებით კი, 31 მაისამდე გაახანგრძლივა.
ამ დროისთვის იაპონიაში ინფიცირების 16 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 680 ადამიანი.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.
პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ჩინეთშიც.
ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.
შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.
რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყანაში ავიარეისების ნაწილი განახლდა და რიგი მიმართულებით ფრენები დაიწყო. ხოლო, ახალ ზელანდიაში, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები გაიხსნა.
შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც, სადაც მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ.