ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უხანში დღეიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები გაიხსნა

ჩინეთში დღეიდან სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგება. კერძოდ, უხანის პროვინციაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები დღეიდან გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი“ ავრცელებს და იუწყება, რომ  მოსწავლეები სკოლებში ჩინეთის საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაბრუნდებიან.

საუნივერსიტეტო გამოცდები პანდემიის გამო ერთი თვით გადავადდა და ახლა ივლისშია დაგეგმილი.

როგორც უხანის საგანმანათლებლო ბიუროში აცხადებენ, სკოლებში შეიმუშავეს სამეტაპიანი გეგმა, რომელიც მოსწავლეებს ახალ რეჟიმთან ადაპტაციაში დაეხმარება. მოსწავლეებს წვდომა ექნებათ ფსიქოლოგიური დახმარებაზეც, რათა ონლაინრეჟიმიდან, სწავლის ტრადიციულ მეთოდებთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ.

ამ ეტაპისთვის სკოლებს მხოლოდ დამამთავრებელი კლასის სტუდენტები უბრუნდებიან. ბიუროში აცხადებენ, რომ სხვა კლასების მოსწავლეები სწავლის ჩვეულ რეჟიმს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან.

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს.

იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.

პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

იტვირთბა....