ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ს..” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს კვლევებს და ცდილობს მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინოს COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად.

„კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!!!

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს;

ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზრდება თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოშიც. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 12%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია – ეს მაჩვენებელი 25%-ს აღწევს.

თამბაქოს ინდუსტრია მაქსიმალურად იყენებს COVID-19-ის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომ გაზარდოს საკუთარი ბრენდების წარმატება, აფინანსებენ კვლევებს და ცდილობენ მოწევა და ნიკოტინი წარმოაჩინონ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად“, – წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდზე არსებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....