ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მრევლი ბრძენია, სწორ დასკვნებს გააკეთებენ ვისი პოზიცია უფრო სწორია” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “პალიტრანიუსის” ეთერში, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მრევლმა უნდა გააკეთოს სწორი დასკვნა, თუ ვისი პოზიციაა უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ის იზიარებს სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს თითოეული ქართველის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებას ისე, რომ შენარჩუნებული იქნას პატივისცემა რელიგიის ინსტიტუტებზე.

„ერთი მხრივ, ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ასევე მის ხელმძღვანელებს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ყველა ქრისტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ განცხადებებს ვერ დავეთანხმები. სამწუხაროა, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, სამწუხაროა, რომ არის ასეთი სიტყვიერი შეკამათება, არ დათანხება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ვინაიდან ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი, უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ. პირადად ჩემი პოზიციაა ის, რომ ის განცხადებები და ის გაფრთხილებები, რაც მოვისმინეთ და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში ბატონი ამირან გამყრელიძისგან, ბატონი პაატა იმნაძისგან, ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრისგან, ბატონი პრემიერის ადმინისტრაციისგან და სხვებისგან, იყო ზედმიწევნით დროული, საჭირო და კორექტული. ამიტომ, მე მთლიანად ვიზიარებ მათ მიერ არჩეულ სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს თითოეული ქართველის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებას ისე, რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა რელიგიის ინსტიტუტებზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუ საზოგადოება უახლოეს ორ დღეში დაარღვევს შეზღუდვებს, საქართველოში ის სცენარი განმეორდება რაც ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 370 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 79 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5035 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,215,105 მიაღწია. გარდაიცვალა 149,045 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 560,310 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....