თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატათ, რომელიც 6 წლის ბავშვია.
ეზუგბაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, საერთო ჯამში მათთან ვირუსით ინფიცირებული 6 მოზარდი გადის მკურნალობას და ყველა მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი. გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ცნობით, 370 დადასტურებული შემთხვევიდან 90 პაციენტი მათთან გადის მკურნალობას.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. მათგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიიცრების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.