ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალგაზრდა თაობას, გამოიყენონ აპლიკაცია უფრო აქტიურად” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ახალგაზრდებს მობილური აპლიკაციის STOP COVID-ის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მობილური აპლიკაციებით სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ეპიდემიების მართვა დღეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა ცივილიზებულ მსოფლიოში.

„დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციებს ​უფრო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა თაობა, ძალიან კარგია და მინდა, მივმართო ახალგაზრდა თაობას, რომ ჩვენთან, პირველ ეტაპზე ინფექციის გავრცელებისგან განსხვავებით, ინფექციის შედარებით მეტი კონცენტრაცია იყო ახალგაზრდა თაობაში, ანუ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაში, რომლებიც აქტიურად მოგზაურობენ და ვინც სწორედ შემოიტანა შემდგომ ინფექცია ქვეყანაში, ანუ მოახდინა ინფექციის იმპორტი. ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული ნებისმიერ სოციალურ ქსელში, მათ შორის, რა თქმა უნდა, აპლიკაციების გამოყენებაში. თანდათან მათ გადასდეს ეს ინფექცია თავიანთ მშობლებს, თავიანთ ბებიებს, ბაბუებს და სწორედ ამ ხალხისთვის, ჩემი თაობისთვის არის უკვე სიფრთხილო ეს ინფექცია, უფრო მეტი გართულებების რისკი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალგაზრდა თაობას, გამოიყენონ ეს აპლიკაცია უფრო აქტიურად, რათა თავის მშობლებს და ბებია-ბაბუებს ნაკლებად გადასდონ ინფექცია. ხოლო ჩემი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა მოწოდებაა და კანონით ეკუთვნით უკვე მათ, 70 წელზე ზემოთ ადამიანებს, რომ ისინი ისხდნენ სახლში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 348 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....