ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთის ქმედებების გამო ტრამპის რისხვა სულ უფრო ძლიერდება” – თეთრი სახლის წარმომადგენელი

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რისხვა ბოლო დღეებში რუსეთის ქმედებებისა და უკრაინაზე თავდასხმების გააქტიურების გამო, გაძლიერდა. ეს განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა AXIOS-თან საუბარში გააკეთა.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტრამპი რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილოა, რადგან მოსკოვი სამხედრო დარტყმებს აძლიერებს, მაშინ როცა ის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს.

დღეს, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მტკიცედ განიხილავს რუსეთის მიმართ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებსა და ტარიფებს”.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარტო წუხელ რუსეთმა 70-მდე რაკეტა და 200 დრონი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა. მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიიღო “მნიშვნელოვანი წერილი” ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელშიც მან გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის თაობაზე.

5 მარტს, გამოცემა Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის გამოეყენებინათ.

უკვე 6 მარტს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს განიხილავს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

იტვირთბა....