ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალაქში ისევ დიდი მოძრაობაა, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ქვეყანაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთი იქნება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია. მისი თქმით,  მოსახლეობა ცეცხლს ეთამაშება.

„გუშინდელი სიგნალი და ნახტომი უკვე სერიოზულია, ამიტომ ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გუშინ გვქონდა ჩვენ. თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუნება სახელმწიფო, დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები, შევიკავოთ თავი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 69 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,949,661 მიაღწია. გარდაიცვალა 121,927 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 460,541 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....