საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.
ინფორმაციისთვის, 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. პრემიერმა საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.
საყოველთაო კარანტინის პერიოდში, 12 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ. ხოლო, სპეციალური საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც ყველა გასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.