“ონკოლოგიური პაციენტები არიან ისეთივე რისკჯგუფში, როგორც დიაბეტის, გულ-სისხძარღვთა და ფილტვების პათოლოგიების მქონე პაციენტები. რომ ვთქვათ, რომ ონკოლოგიური პაციენტები კიდევ უფრო მომატებულ რისკჯგუფში არიან, ასე არაა. ონკოლოგიური პაციენტების რისკჯგუფში მიკუთვნება დაფუძნებულია ერთ მთავარ პოსტულატზე – ეს ვირუსი გართულებულად მიდის უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ონკოლოგიურ პაციენტებს რიგ შემთხვევებში აღენიშნებათ იმუნიტეტის დაქვეითება, სწორედ ამიტომაა მიჩნეული, რომ ონკოლოგიური პაციენტები არიან რისკჯგუფში”
რემა ღვამიჩავა, ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა – გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.