ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოში 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში 5000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

„მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პრემიერის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ 16 აპრილს შესრულდება პარიზი-თბილისის ავიარეისი, 18 აპრილს – თელავივი-თბილისის რეისი, 21 აპრილს – რომი-თბილისი რეისი. აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“.

„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი – ათენი-თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა –  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

იტვირთბა....