ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში ვირუსით ინფიცირებულს სიმპტომები იზოლაციის ბოლო დღეს გამოუვლინდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების რიგით მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი პაციენტი 80 წლამდე ქალია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა აჭარაში ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან და შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იზოლაციის ბოლო დღეს გამოუვლინდა,  ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ცხრა ინფიცირებული იმყოფება. ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....