დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პირბადეებსა და მათი გამოყენების წესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
გამყრელიძე განმარტავს, გვიცავს თუ არა შავი პირბადე და რომელი პირბადეების გამოყენება არაა საჭირო დღევანდელ ვითარებაში.
„ჩვენ ყველანი ვატარებთ განსხვავებულ პირბადეებს, ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, თუ რომელი პირბადე იცავს და რომელი – არა. ე.წ. შავი პირბადეებიც ბოლო პერიოდში ძალიან ფართო გამოყენების საგანი გახდა, რამდენად გვიცავს ასეთი პირბადეები?“. – ამ შეკითხვით ჟურნალისტმა ამირან გამყრელიძეს მიმართა.
„შავი პირბადე იქნება, თეთრი, თუ გვარებს არ დავასახელებ, ცნობილმა დიზაინერებმა დაიწყეს თავიანთი ლოგოთი პირბადეების შეკერვა, კარგია, რომ საქართველოში როგორც ინდმეწარმეებმა, ისე მრეწველობამ დაიწყო პირბადების შეკერვა. ეს ძალიან კარგია. ზოგადად, ჩვენთან რასაც ვხმარობთ არის რესპირატორები და პირბადეები N99, რომელიც ყველაზე უფრო საშიში ინფექციის დროსაა, ეს არ გვჭირდება, N95, ასევე საშიში ინფექციების დროს, რომელიც არც ერთ თქვენგანს არ გიკეთიათ, მაგრამ გვაქვს მარაგში. შემდეგ არის ის პირბადეები, რასაც ეძახით პირბადეებს, არის ე.წ. ერთჯერადი ხმარების, ქირურგიულ პირბადეს ვეძახით, რომელიც 2-3 საათი შეიძლება გეკეთოთ და შემდეგ უნდა გადააგდოთ. არის ასევე პირბადე, რომელსაც ახლა კერავს საქართველოს ერთ-ერთი სამკერვალო საწარმო, რომლის დანიშნულებაც ძირითადად არის საყოფაცხოვრებო და მრავალჯერადი ხმარების, ანუ, შეგიძლიათ გარეცხოთ და კარგად დააუთაოთ. ის ძირითადად საყოფაცხოვრებო მიზნით იხმარება, მაგრამ თუ სამედიცინო პერსონალი იხმარს, ის ერთჯერადი ხმარების უნდა იყოს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნლისტის შეკითხვაზე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულთა შორის არის ქართველი სპორტსმენიც.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.