ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ დასაწყისში ჯანმოს რეკომენდაციები დავარღვიეთ. სხვა ქვეყნებმა რეკომენდაციები ბრმად შეასრულა” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ყველა ეტაპზე ყველა ნაბიჯი გადაიდგა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, რომ საქართველომ რაღაც ნაბიჯები სწორად გადადგა, ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ, ესპანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ კი არ გადადგეს.

„ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ყველა ეტაპზე ყველა ნაბიჯი გადაიდგა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, რომ საქართველომ რაღაც ნაბიჯები სწორად გადადგა, ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ, ესპანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ კი არ გადადგეს. ვერ გეტყვით, რატომ არ გადადგეს – ზოგმა საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა, ზოგმა საპასუხო ღონისძიებების დაწყება დააგვიანა, ზოგმაც მხოლოდ ჯანმოს კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. ჩვენ დასაწყისში ჯანმოს რეკომენდაციები დავარღვიეთ. ისინი ამბობდნენ, რომ გამოგვეკვლია მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი ჰქონდათ. ჩვენ ეს პუნქტი პირველივე დღეებიდან ამოვიღეთ. ჩვენ გავწერეთ „ცხელებით ან ცხელების გარეშე“, ვინაიდან მუდმივად ვაკვირდებოდით ყველა შემთხვევას ჯერ კიდევ ჩინეთში, შემდეგ სხვაგანაც და ვხედავდით, რომ არიან ადამიანები, ვისაც ტემპერატურა და სიმპტომები საერთოდ არ აქვთ. სხვა ქვეყნებმა ჯანმოს რეკომენდაციები ცოტა „ბრმად“ შეასრულა.

ჯანმო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, მაგრამ მუშაობის სტილი ცოტათი კონსერვატიული აქვს. ძალიან დიდი ბიუროკრატიის გავლა სჭირდებათ, რომ რაღაც გადაწყვეტილება შეცვალონ. როდესაც ჩვენ 120 შემთხვევა გვქონდა, დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ჯანმოს კრიტერიუმებით მათი 2/3-ის დიაგნოზი ვერ დაისმებოდა და ისინი ქუჩებში ივლიდნენ. მაშინ შეიძლება ახლა ათასობით შემთხვევა გვქონოდა და შეიქმნებოდა ზუსტად ისეთი სიტუაცია, რაც არის ევროპაში. პირველი ინფიცირებული პაციენტები საზღვრიდან მხოლოდ იმიტომ მოვხსენით, რომ ისინი ირანის ქალაქ ყუმში უამრავ მომლოცველებთან ერთად იმყოფებოდნენ. სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ. ამ პაციენტებს საერთოდ არ ჰქონდათ სიმპტომები, ევროპულ ქვეყნებს კი ასეთი ხალხი გაეპარა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 28 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,055,179 მიაღწია. გარდაიცვალა 55,731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223,886 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....