ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა. რისთვის?“ – კობახიძე უკრაინაზე

ირაკლი კობახიძემ მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„რეალურად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს. რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა. რისთვის? ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის გადანადგურებული უკრაინა, ეს არის დაკარგული ტერიტორიების 20%, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, არაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, ეს არის ასიათასობით დაღუპული უკრაინელი. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ამაზე არავის აქვს პასუხი. თუმცა, პასუხი არსებობს – იყო გლობალური, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა შეეწირა. როგორც ბატონმა რუბიომ [მარკო რუბიო] განაცხადა, დაახლოებით, 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის 2014 წლამდე იყო. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ამ ტრაგიკულ მოვლენას გადავარჩინეთ. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა. 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა ომს იგებს და თქვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათო. ამას მოგვიწოდებდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდნენ. ჩვენ თავშეკავებული პოზიცია გვქონდა და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მიდგომა აბსოლუტურად სწორი და გამართლებული იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....