პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყებას დაევალა, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შეამოწმოს.
როგორც გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, ქვეყანაში დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და 2 000 ოჯახის ექიმია.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სოფლისა და ოჯახის ექიმების გადამზადება, რათა არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდნენ.
“ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია, ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვითარება უფრო და უფრო მძიმდება.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.