ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენ თუ გგონიათ, რომ ვალდებული ვარ, ვიდგე და თქვენ პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ძალიან ცდებით”- გახარია სწრაფ ტესტებზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში სწრაფი ტესტები არ არის, ძალიან ცდება.

როგორც გახარიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება მაშინ,  როდესაც იქნება ამის აუცილებლობა

“სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა, თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სრწაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. თქვენ თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, ვიდგე და თქვენ მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით. არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პირობებშიც ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა და არა თქვენს პოპულისტურ კითხვებზე პასუხი”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია., სპეციალისტები ვირუსზე ტესტის ჩატარებას “ოქროს სტანდარტით” ამჯობინებენ, ვინაიდან აცხადებენ რომ ის ვირუსის არსებობას ასპროცენტიანი სიზუსტით ადგენს.

ცნობისთვის, იმის გამო, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. 

ამასთან, საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც  დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

 

იტვირთბა....