პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში დღეს სწრაფი ტესტების გამოყენების აუცილებლობა ნამდვილად არაა.
როგორც გახარიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტირების დროს მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, რაც სიცრუეა.
“სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავის ფუნქცია, და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე. არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოყვება კონტროლის მექანიზმები, არ არსებობს”,- განაცხადა გახარიამ.
საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია., სპეციალისტები ვირუსზე ტესტის ჩატარებას “ოქროს სტანდარტით” ამჯობინებენ.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.
ამასთან, საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება.
როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.