ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან”- კობახიძე

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება.

„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ გავიხსენოთ, რას ითხოვდნენ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სასამართლოს გადაცემას ოპოზიციისთვის, ცესკოს გადაცემას ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მათი ინტერესია, რომ ყველა ინსტიტუტი გავიდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გავლენის სფეროდან. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რომელიღაც ინსტიტუტი უნდა აკონტროლოს, ან პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და ა.შ, აქ საუბარია ჯანსაღ კონსტიტუციურ სისტემაზე. მათ უნდათ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები გავიდეს კონსტიტუციური წესრიგიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისუფლებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება”, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....