“ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სიტუაცია შევიდა ჩიხში და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვირაა, გვპირდება ხელისუფლება, რომ ტესტირების შესაძლებლობები იქნება ხელმისაწვდომი, რეალურად დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით ამ გამოწვევას… ბიძინა ივანიშვილის კარზე მიმდინარეობს დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ეს ძალიან მომგებიანი კონტრაქტები”
სალომე სამადაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადება სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხზე ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულებას აუქმებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.