„პირველი დღის გაურკვევლობამ გაიარა და მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ცხოვრება გრძელდება, მთლად ჩვეული რიტმით არა, მაგრამ მაინც ნორმალურ ფარგლებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
“ითქვა, რომ გუშინ, 20 ათასი ადამიანი შემოწმდა, გამოიკითხა. დაბალი სიცხე მხოლოდ 25 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ორი საეჭვო სიმპტომებით იყო, თუმცა ორიდან ერთი უკვე გაწერილია, მეორეს სავარაუდოდ, სახლში მალე გაუშვებენ, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებები არ არის”, – განაცხადა სუბარმა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტებიდან ნახევარზე მეტი შეამოწმეს და კორონავირუსი მხოლოდ 4 ადამიანს დაუდასტურდა.
“ქალბატონი, რომელიც ამ შემთხვევაში გახდა წყარო, მისი 90 კონტაქტიდან ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და ჯერ მხოლოდ ოთხი ადამიანია, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, დანარჩენზე პასუხი უარყოფითია. ისევე, როგორც უარყოფითია პასუხი სამ უცხოელზე, რომლებიც იყვნენ მძღოლები, ამ რეგიონში ტრანზიტულად მოხვდნენ და გარკვეული სიმპტომები ჰქონდათ, რაზეც შეიძლება გვეფიქრა, რომ იყო ამ დაავადების სიმპტომები. უარყოფითია ასევე პასუხი ჩვენი ქვეყნის ერთ მოქალაქეზე, რომელსაც მოგზაურობის ისტორია თურქეთში ჰქონდა, ისიც არის მძღოლი, გადამზიდავი, მასაც ჰქონდა სიმპტომები, მაღალი სიცხე, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დაავადებასთან და ეს არ ეხება კორონავირუსს, რაც არის დადგენილი“, – განახადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.