“ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციია შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა, თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო სიტუაციას სწორად მართავს და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია.
„თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. 70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.