საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს ამოწმებენ.
“საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს. დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიების და მსგავსი შემხთვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება.
თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.