ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან შეხებაში მყოფი ექიმები თვითიზოლაციაში არიან

მარნეულში  მდებარე სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“  ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს შეხება ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი მარნეულში მყოფ პაციენტს დილით დაუდასტურდა.

მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე ადასტურებს მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ყოფნას, თუმცა იგი ფაქტთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.

არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არის რამდენიმე ექიმი, რომელთაც შეხება ჰქონდათ პაციენტთან.

” ჩვენი ეპიდჯგუფი მუშაობს ამჟამად ადგილზე, პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. იქ არის მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კონტაქტებისა დადგენისა და გამოვლენის. მასთან მუშაობს სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

იტვირთბა....