ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია”, – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა, შემოტანილი შემთხვევა. მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ის არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი.

ასაკს არ ვამბობთ, 0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი. შემოვიდა ერთი ახალი ბავშვთა ასაკიდან, მისი ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია, არ იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს ამ ეტაპზე ჩვენ ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.

გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....