ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობას კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა სამსახური”, – პრემიერი

“ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით,  მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქისა, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება, დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.

“გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იტვირთბა....